დღეს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, გაიმართა დამსახურებული მხატვრის, ჯემალ ხუციშვილის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა.
ჯემალ ხუციშვილი, რომელმაც ქართულ ხელოვნებასა და მხატვრობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუთქვა სახელი, 2014 წლიდან ატარებს თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსს. მის ნამუშევრებს ვხვდებით პარიზის თანამედროვე მხატვრების გალერეაში. საქართველოში ჯემალ ხუციშვილის ტილოები გამოფენილი და დაცულია როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სახელმწიფო მუზეუმებში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღევანდელ გამოფენას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძესთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ თელავის ისტორიული მუზეუმის გალერეაში, ჯემალ ხუციშვილის ნამუშევრები გამოფენილი იქნება 1 თვის განმავლობაში.