საზოგადოებისთვის ხშირად უცნობია იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებმაც თაობებს ხელოვნების უნიკალური ნიმუშები შემოუნახეს. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი, თელაველი კოლექციონერი, ქეთევან იაშვილია, რომლის სახელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის.
თელავის ისტორიული მუზეუმი ინახავს 1870 ექსპონატს, საიდანაც 200, სწორედ ქეთევან იაშვილს ეკუთვნის და რომლის ღირებულებაც 400 მილიონ ლარად არის შეფასებული.
ქეთევან იაშვილი დაიბადა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 1883 წლის 23 აპრილს თავად მერაბ იაშვილის ოჯახში. მან ბავშვობა და ახალგაზრდობა თელავში გაატარა.
“ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი,“ – წერდა თავის მოგონებებში პროფესიით ექიმ-კოსმეტოლოგი, ქეთევან იაშვილი.
ქეთევან იაშვილი ბავშვობიდანვე ხელოვნებით ყოფილა დაინტერესებული და ოცნებობდა მხატვრობაზე. თელავში მუშაობდა გერმანელი მხატვარი, რომელსაც გახსნილი ჰქონია ხატვის წრე. ქეთევანი კი ამ წრეზე შესულა ბავშვობის ოცნების ასასრულებლად, თუმცა მხატვრობა არ გამოსვლია. მიუხედავად ამისა, ხელოვნებას მაინც არ ჩამოშორდა და დაიწყო კოლექციონერობა.
მას ფუფუნებით არასოდეს უცხოვრია. კოსმეტოლოგია ხარკოვში შეისწავლა, რის შემდეგაც დამკვიდრდა თბილისში, გახსნა კოსმეტოლოგიური კაბინეტი და შემოსავალს ხარჯავდა ფერწერული ტილოებისა და უნიკალური ნივთების შეძენაზე. მის კოლექციას გარდა ფერწერული ტილოებისა, ამშვენებს უნიკალური ნივთებიც: გუდონის ვენერა, უნიკალური ჩინური ვაზები, ბუდას ქანდაკება, რომის მინიატურული ხედები და სხვა საინტერესო ნივთები.
თითოეული ექსპონატის შეძენას თავისი ისტორია აქვს, რომელიც ქეთევან იაშვილმა თავის მოგონებებში აღწერა და შემოინახა. განსაკუთრებით საინტერესოა გერმანელი მხატვრის, კარლ პილოტის ფერწერული ტილოს – “საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეჩვიდმეტე იაკობინელებთან“ აღმოჩენის ისტორია. აღსანიშნავია, რომ ამ ტილოს ორიგინალი, ქეთევან იაშვილის წყალობით თელავის ისტორიულ მუზეუმშია დაცული, ხოლო მხატვრის მშობლიურ ქალაქში, დრეზდენში მისი ასლია გამოფენილი.