ვიღიმი მაინც… როცა სევდების თეთრი კარი
იხსნება ჩემთვის,
როცა სიხარულს სულ პაწია ტკივილი ერთვის,
ვიღიმი მაინც გულნატკენი და
სულშეძრული,
ვიღიმი…თითქოს არაფერზე
არ მტკივა გული.
/თ.ო/
-მოგვიყევით თქვენ შესახებ;
„დავიბადე გურჯაანის რაიონში,სოფელ ველისციხეში. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და პირველ წელსვე ჩავირიცხე თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში(ასე ერქვა მაშინ) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. აქვე დავვოჯახდი. მეუღლე თემური ბიძინაშვილია .გვყავს სამი დაოჯახებული შვილი, ცხრა შვილიშვილი, რომლებიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.“
-რა ასაკიდან დაიწყეთ წერა?
„ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. ეს ნიჭი მამისგან გამომყვა. პირველი ლექსი მერვე კლასში დავწერე … ამ სასწაულს დღესაც მაშინდელივით განვიცდი.“
-რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია?
„პოეზია ჩემთვის ყველაფერია, სულის აღმაფრენაა, ულამაზესი სამყაროა, სადაც სულის შეფარება შეუძლია ადამიანს.“
-როგორ შეაფასებდით თანამედროვე ქართულ პოეზიას;
„ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანი გავიცანი …თავისუფალ დროს ვახერხებ მათი პოეზიის გაცნობას და მიხარია ნებისმიერი, ლამაზად აკინძული და შინაარსიანი ლექსი… და ასეთი ლექსები ბევრია საბედნიეროდ.“
-როდის მოდის მუზა და როგორი განცდაა პოეტისთვის, როდესაც მისი ლექსები ფართო საზოგადოებისთვის ხდება ხელმისაწვდომი?
„მუზა ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს… ეს სასწაული, სულისმიერი განცდაა, რომელსაც ძნელად დაახასიათებს ადამიანი… თითოეული ჩემი ლექსი ჩემი სულის ნაწილია და უთქმელად მიყვარს. ყველა ის მკითხველი, რომელიც პატარა სითბოს არ დაიშურებს და მიგზავნის, ხომ მიყვარს და მახარებს, როგორც ჩემი ახლობელი.“
-რას ისურვებდით, როგორც პოეტი და შემოქმედი..
„ვისურვებდი მშვიდობას მთელ მსოფლიოში და ჩემი ლამაზი საქართველოს გაბრწყინებას.“
გთავაზობთ რამდენიმე ლექსს თამარი ოღლიშვილი-ბიძინაშვილის შემოქმედებიდან:
…
უფალო ჩემო…
დღეს გულისწყრომის
სევდიან ბრჭყალებს
თავგამოდებით ვეღარ
ვუსხლტები,
უფალო ჩემო, თხოვნა
მაწვალებს–
შენ დამიფარე შვილი,
უძღები.
შენ მიწინამძღვრე, მე
გიერთგულებ,
გამაძლიერე სულით და
გონით,
მეიმედები, ნუ მიმატოვებ,
გამომაფხიზლე წმინდა
ამბორით. მასწავლე, როგორ ვუთმინო
ტკივილს,
როგორ დავუძვრე სევდის
დილეგებს, არ მოვუმატო წუწუნს და
ჩივილს,
სანამ სიხარულს გამოიმეტებ.
გთხოვ, უიმედო ფიქრები
მოსპე,
რწმენა ამინთე სულში
მზესავით,
რომ ჯოჯოხეთურ დღეების
მომსწრე
წარბშეუხრელი ვიდგე,
კლდესავით.
მომეცი ლოცვით ხვალის
იმედი,
გათენებისას გულმა
ილხინოს,
სხვასაც მოვმადლო ჩემი
სიკეთით
და სული ლოცვით
გადავირჩინო.
სიკეთე ბოროტს გააქრობს
თუკი,
რომ იზეიმოს ყველგან
სიმართლემ, სულში მიმქრალი იმედის
შუქი
ამიბრიალე და გამინათე!
/თ.ო/
…
ოი, სიბერევ!..
არც ერთი წუთით არ ვაპირებ,
შენ მოგეკედლო,
ოი, სიბერევ, ნუ
თვალთმაქცობ, ნუ
მეპრანჭები,
ხელს ნუ შემიშლი, გამერიდე,
ღმერთს რომ ვევედრო,
მიყვარს სიცოცხლე და
ბოლომდე დავიხარჯები!
ტყუილად ფიქრობ,რომ
გადაღლილს დამემგზავრები,
ხელს არ ჩავიქნევ, არ
მაშინებს ცხოვრება,რთული,
შენ სულ ამაოდ დაგაწყდება
ჩემსკენ თვალები,
მე შენს გარეშე კვლავაც
ვივლი გახარებული.
ვერ დამინახავ ატირებულს,
ცრემლებს დავმალავ,
ჯერ ნუ მომძებნი, არ მქონია
შენთან ვალები,
თმას შევიღებავ, ვერ
გამყიდის შენი ჭაღარა
და სევდიანიც გულმოდგინედ დაგემალები.
—–
ოი, სიბერევ,
ნუ თვალთმაქცობ,
ნუ მეპრანჭები,
მიყვარს სიცოცხლე და
ბოლომდე დავიხარჯები!
/თ.ო/
…
ვიღიმი მაინც… როცა სევდების თეთრი კარი
იხსნება ჩემთვის,
როცა სიხარულს სულ პაწია ტკივილი ერთვის,
ვიღიმი მაინც გულნატკენი და
სულშეძრული,
ვიღიმი…თითქოს არაფერზე
არ მტკივა გული.
ცხოვრებამ სხვა რამ ასე
კარგად ვერ მომახდინა,
ღიმილმა ბევრი
ტკივილისგან გადამარჩინა..
ღიმილი იყო სავიზიტო
ბარათი ჩემი,
ყველაზე მეტად ამ ჩემს სახეს
ღიმილი შვენის.
მიყვარს ღიმილით
შუქჩამდგარი სახის ყურება,
ღიმილი სევდის გაქარვებას
ემსახურება…
სხვა სიკეთეა, სხვა მადლია
ამ დროს თვალებში,
გული ვერ გასძლებს მუდამ
სევდა–სიმწუხარეში.
მაინც ვიღიმი…სევდის კვალი
აღარსად რჩება…
ღიმილი– ხსოვნის ყველა
კუნჭულს, სანთლად ადნება.
/თ.ო/
× × × × ×
თუ გინდა სული ჩემი
ბოლომდე გამყარო,
ცხოვრების სიმუხთლეს
ნუ გამასწორებინებ,
ნუ დამატოვებინებ ჩემს
ლამაზ სამყაროს, ნუ, ჩემი ნებით,ნუ
დამატოვებინებ!
იის სურნელებით ავსებულ
ლამაზ მდელოს
სულში დავფოფინებ,
ნიავსაც არ ვაკარებ,
სხვა ყველაფერს დავთმობ,
რაც დასათმობია,
ოღონდ ნუ წამართმევ
ოცნების ამ სავანეს.
აქ ყველა ყვავილი
ცრემლებით მორწყულია,
აქ სულ სხვა მზე დანათის
დღეებს, ავდრიანებს,
აქ შემოდგომის ფოთლებს,
ღამით გათოშილებს,
მზე გულში იხუტებს და
დღისით ამზიანებს.
მე როცა მოვიჩქარი სულის
მოსათქმელად,
ყოველ წუთს მეგებება
ლამაზი სამყარო,
გული რომ არ გამიხსნას,
რაღა მეშველება,
კარი რომ მომიხუროს და
სტუმრად ჩამთვალოს?!
ჩემი სიყვარულის გულთბილო
ნიავ-ქარო
იჩქარე, გადაღლილ სულს
ნაზად მოეფინე,
ნუ დამატოვებინებ ამ ლამაზ სამყაროს,
ნუ, ჩემი ნებით, ნუ
დ ა მ ა ტ ო ვ ე ბ ი ნ ე ბ!
/ თ.ო/
ორი ფოთოლი
* * * * * * * * * * * *
ხეს შერჩენილი ერთი
ფოთოლი მეორეს ჩუმად ეჩურჩულება:
–ჩემო სიცოცხლევ, შენ რომ
ჩავარდე,
მე აქ უშენოდ რა მეშველება?!
ვინ გამახარებს მზის
ამოსვლისას,
წვიმის დროს მხრის ქვეშ ვინ
შემიფარებს?!
ქარის დროს გულში ვინ
ჩამიხუტებს,
თბილი სიტყვებით ვინ გამამხნევებს?!
ხეს შერჩენილი ორი ფოთოლი
ერთმანეთს ჩუმად
ეჩურჩულება…
მალე ორივე გაქრება ხიდან
კანონებს მისდევს
დედაბუნება.
გადაიზამთრებს…ის ხეც
ახლიდან
ფოთლების კაბით
გაიპრანჭება,
გულზე დაიბნევს პაწია
კვირტებს და ძველებურად
აელვარდება.
გამეორდება ფოთოლთა
სევდა,
მათი შრიალი და
მყუდროება…
……
ხეს შერჩენილი ორი
ფოთოლი
ისევ ერთმანეთს
ეჩურჩულება…
/თ.ო/