თელავის ისტორიული მუზეუმი, თელაველი მხატვრის ზურა ტოტიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვას უკვე მეორედ მასპინძლობს. დამთვალიერებელს აქვს შესაძლებლობა მხატვრის შემოქმედებას გაეცნოს 6 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით.
თელავის ისტორიულ მუზეუმში მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო 2019 წელს, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა კალმით შესრულებული ნამუშევრები. აღსაღნიშნავია, რომ ზურა ტოტიკაშვილმა სწორედ კალმით შესრულებული ნახატებით გაითქვა სახელი, რადგან კალმით შესრულების ტექნიკა დიდ სიზუსტეს მოითხოვს. ნახატს ვეღარც წაშლი და ვერც შეასწორებ.
,, ხატვა ჩემთვის მხოლოდ ხელოვნება არ არის, ის სულის ნაწილია, სადაც შემიძლია დროსა და სივრცეში დავიკარგო,“ – ამბობს თელაველი ახალგაზრდა მხატვარი ზურა ტოტიკაშვილი.
ზურა ტოტიკაშვილის პერსონალური გამოფენები ასევე მოეწყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) დარბაზში, თელავის მუნიციპალიტეტის ზაირა არსენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში და ყვარლის თეატრში.