დღეს ყვარელში შეხვედრები სოფელ გრემისა და საბუეს მოსახლეობასთან გაიმართა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გრძელდება კახეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები. პროგრამის მიზანია, სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება.
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ საბუესა და გრემის საერთო კრებებს დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი.
გრემში, მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად დასახელდა სტადიონის და სასაფლაოს შემოღობვა, ხოლო საბუეში, სანიაღვრე არხის მოწესრიგებას და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, კახეთის რეგიონში განსაზღვრულია 4 454 000 ლარი, რასაც ემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ფინანსური რესურსის გამოყოფა თანამონაწილეობის სახით.
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აღნიშნული პროგრამა აძლევს შესაძლებლობას, საერთო კრებაზე დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და ხმათა უმრავლესობით, შეარჩიონ პრიორიტეტული საპროექტო წინადადება.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრებები დაიწყო 3 თებერვალს და გაგრძელდება 27 თებერვლის ჩათვლით. აღსანიშნავია რომ შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, სოფლის საერთო კრება გაიმართება 308 დასახლებაში.