კახეთის მხარეში, კერძოდ ქალაქ თელავში, მდებაორებს ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე), რომელიც დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
აღსანიშნავია, რომ „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. იგი თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.
სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., მეფის კარის ეკლესიები X-XVIII ს.ს., ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო – XVII ს., სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი – XVIII ს., აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.
“ბატონის ციხედ” ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გალავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს.
მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები. ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.
წყარო: Georgian Travel Gude