გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან გიორგი დარჩიასთან და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავში იმყოფებოდა, სადაც დაათვალიერა „მეღვინეობა ვინე პონტოს“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მეღვინეობა ვინე პონტო“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. ღვინის საწარმოში დაახლოებით 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 600,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში, სადაც წლიურად 150,000 ბოთლი ღვინო იწარმოება, მუდმივად 6, სეზონურად კი, 12 ადამიანია დასაქმებული. „მეღვინეობა ვინე პონტო“ ვენახს 3,0 ჰექტარზე ფლობს.
პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე აშშ-ში შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში და ჩეხეთში.
„მეღვინეობა ვინე პონტოს“ ღვინოები ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) 2024 და 2025 წლების გამარჯვებულია. მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები (IWSC 2024 – ვერცხლი – ქისი 2018; IWSC 2025 – ოქრო – მუკუზანი 2021).
დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინის ხარისხის და შესაბამისად, საერთაშორისო ავტორიტეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine & Spirit Competition (IWSC) „მეღვინეობა ვინე პონტოს“ წარმატება, რაც მათი ღვინოების გამორჩეულობაზე მეტყველებს. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არის საუკეთესო შესაძლებლობა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის.
კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC), 50 წელზე მეტი ტარდება და მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია.
დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა მცირე მარნის წარმომადგენლებთან, სადაც დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს წართული ღვინის როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ბაზრებზე პოპულარიზაციის ხელშემწყობ პროგრამების მნიშვნელობას.