დავით სონღულაშვილი ყვარელში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყვარელში, სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ სამუშაო პირობებს.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და სოციალურ გარანტიებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და შესაბამისმა აღსრულებამ მათი დაცულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ კახეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 15 მეტყევე და 57 ტყის მცველი, ხოლო შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ადგილობრივი მოსახლეობა განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით სარგებლობს.