დავით სონღულაშვილი და გიორგი ალადაშვილი ატმის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

სოფელ ჩუმლაყში, ატმის მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.
მინისტრი შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს და სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ფერმერ სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობაში. აღსანიშნავია, რომ სოსო გიოშვილმა სამაცივრე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ არაერთხელ ისარგებლა.
„ამ ეტაპზე, მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. პროდუქციის დაბინავება და რეალიზაცია შეფერხების გარეშე ხდება. 50-მდე სამაცივრე მეურნეობა გამართულად ფუნქციონირებს. ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში სახელმწიფო პროექტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მხოლოდ კახეთში სახელმწიფოს თანადაფინანსებით 25 გადამმუშავებელი საწარმოა შექმნილი. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. აქვე მინდა აღვნიშნო, მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროდუქცია მალფუჭებადია. გადატანის დროს გზაში დაყოვნების გარეშე მოძრაობა მნიშვნელოვანია. საპატრულო პოლიციის ჩართულობით ეს საკითხიც მოგვარებულია და დატვირთული მანქანები ტერმინალამდე შეუფერხებლად გადაადგილდებიან,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.