გურჯაანში გამართულ “ღვინის ფესტივალს” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო.

დღეს, გურჯაანში, გაიმართა “ღვინის ფესტივალი 2025,” სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა.
“მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ვიმყოფებოდი. ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის ეტიკეტების, ძველი ქართული ღვინისა და მეღვინეობის წიგნების გამოფენები დავათვალიერე. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობა მომავალშიც აუცილებლად შეუწყობს ხელს მსგავსი ხასიათის ფესტივალების, ღონისძიებების ჩატარებას, ვინაიდან, ეს მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით, იგი ხელს უწყობს ამ კონკრეტული რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალისებს ეკონომიკურ აქტივობებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გურჯაანის ღვინის ფესტივალს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ღვინის ყოველწლიური ფესტივალი ახტალის პარკში უკვე მეცხრედ გაიმართა. ფესტივალზე წელს 500-ზე მეტი მეღვინე და მეწარმე იყო წარმოდგენილი.