გიორგი ალადაშვილი ლაგოდეხში სარეკრეაციო ზონის მშენებლობას ადგილზე გაეცნო

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამა განახლებული რეგიონების ფარგლებში, ლაგოდეხში, 4 ჰა. ფართობზე სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს.

ლაგოდეხში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მასშტაბური, რეკრეაციული სივრცე, რომელიც 40 000 კვადრატულ მეტრზე გაშენდება და მოიცავს: ჩოგბურთის, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნებს. სკეიტპარკს, სამაგიდო ტენისს და პარკურის მოედანს, შინაური ცხოველების სასეირნო და საწვრთნელ მოედანს.

როგორც ცნობილია, ბავშვებისთვის მოეწყობა ქვიშის მოედანი, საქანელები და სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი. პერიმეტრზე შენდება ღია ტიპის კაფეები, ამფითეატრი და საპარკინგე სივრცე.

პროექტის მიხედვით, გარემო სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. რეკრეაციული სივრცე იქნება მდიდარი მწვანე ნარგავებით, მოეწყობა შადრევანი, დამონტაჟდება სასმელი, სარწყავი და განათების თანამედროვე სისტემები. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი და ისარგებლებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მუნიციპალიტეტში ჩამოსული ვიზიტორი.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.