განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კახეთის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კახეთის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პედაგოგებს გააცნო ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები და მათთან ერთად განიხილა განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები. მინისტრმა სკოლებში არსებულ საჭიროებებზე მოსაზრებები, თავად შეხვედრის მონაწილეებისგან მოისმინა.
ალექსანდრე წულაძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა კარიერული განვითარების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე. მინისტრის თქმით, თითოეული პედაგოგი ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია. შესაბამისად, მათთვის უკეთესი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მთელი გუნდი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პირადად მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ მინისტრს კამპუსი დაათვალიერებინა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.