რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან.
შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სამართლებრივი საკითხების გამოვლენა, რაც კომიტეტს დაეხმარება მომზადდეს ისეთი ცვლილებების ინიცირებისთვის, რომლებიც უპასუხებს არსებულ პრაქტიკულ მოთხოვნებს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეცენტრალიზაციის პროცესის გაძლიერების მექანიზმებს.
მონაწილეებმა განიხილეს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ადგილობრივი მმართველობის ეფექტიანობას განსაზღვრავს, მათ შორის საუბარი შეეხო ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში მომსახურების მიწოდების; ბუნებრივი რესურსების მართვის; კომუნალური სერვისების მიწოდებისა და ქონების მართვის მიმართულებებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები, აგრეთვე ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები.
აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი საკითხთა კომიტეტი ა.თ.ე.ა-მ დააფუძნა 2025 წლის 19 თებერვალს. კომიტეტის მიზანია მუნიციპალიტეტების სამართლებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა, მათი ინტერესების დაცვა, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
კომიტეტი აგრეთვე მუშაობს საკანონმდებლო წინადადებებსა და კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე, რომელთა მიზანია თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
ანალოგიური შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.