აგროდაზღვევის პროექტი განიხილეს კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს და მერებს გააცნო სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, 2023 წლის საბოლოო შედეგები და სამსახურის ფუნქციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და ამ კუთხით კახეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ალადაშვილმა ისაუბრეს მომხმარებლის უფლებების ეფექტური დაცვისა და მათი ინფორმირების აუცილებლობაზე. ასევე, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.