ხელისუფლების წარმომადგენლები თელავში, სპორტული კომპლექსის პროექტს გაეცნენ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ქადაგიშვილთან და გელა სამხარაულთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, თელავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტებს გაეცნო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტული კომპლექსის არქიტექტორებს შეხვდნენ და პროექტის დეტალები ადგილზე, კომპლექსის ასაშენებლად განსაზღვრულ ტერიტორიაზე განიხილეს.
თელავში თანამედროვე, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტი ითვალისწინებს დახურული აუზის მოწყობას, ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.
თელავში უკვე დასრულდა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის პროექტირება, ახალი სავარჯიშო მოედანი გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე.