ნინო მრელაშვილი-ბონდარენკო, ცხოვრობს თლავში და აქვს სხვადასხვა სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მეტად შეყვარებულია საქმეზე, რომელსაც საკუთარი ხელით ქმნის და ნამუშევრევბში გადააქვს შემოქმედებითი, ინდივიდუალური ხედვა.
PR-MC.ge-თან საუბარში ნინომ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით უყვარს სამშობლო-საქართველო. სწორედ ამიტომ, მისი მთავარი მიზანი ქართული კულტურის შენარჩუნება და იმ იდეის ხორცშესხმაა, რომელიც ძალიან ეროვნულია თითოეული ქართველისთვის.
„ილია ჭავჭავაძეს თუ დავესესხებით, 3 ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ქართველებს – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩემი შემოქმედების „წიგნი ხატის“ შექმნის იდეა ზუსტად აქედან მოვიდა. უდიდესი სურვილი მქონდა ჩემი მოკრძელებული წვლილი შემეტანა ამ 3 საუნჯის პოპულარიზაციის მიმართულებით. მრავალი წლის წინ მოვიდა იდეა ძველი, გამოუსადეგარი, მაკულატურად ქცეული წიგნებისათვის მიმეცა ახალი სიცოცხლე. ამ იდეის სისრულეში მოყვანას დასჭირდა წლები. როგორც ვიცით, შემოქმედებითი პროცესი მხოლოდ ხელით შექმნას არ გულისხმობს, შემოქმედების უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ ხელოვანის მიერ შემუშავებული იდეის ხორცშესხმა, რომელიც იქნება დახვეწილი, ორიგინალური და საზოგადოებისათვის საინტერესო. მოვიშველიებ ოშოს სიტყვებს: „იყო შემოქმედი ნიშნავს იყო შეყვარებული სიცოცხლეზე. თქვენ შეგიძლიათ იყოთ კრეატიული მხოლოდ მაშინ, როდესაც გიყვართ ცხოვრება ისე, რომ გსურთ მისი სილამაზის ამაღლება.“-ნინო მრელაშვილი.
ნინო მრელაშვილი-ბონდარენკოს თქმით, იდეას მოჰყვა რამდენიმე ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი. საჭირო იყო წიგნი ხატებისათვის ფორმის მიცემა და გამაგრება. ნინოს თქმით, ჰქონდა ბევრი წარუმატებელი მცდელობა იქამდე, ვიდრე არ მიაღწევდა სასურველ შედეგს.
„მრავალი ცდის შემდეგ შევიმუშავე საკუთარი ტექნოლოგია, რომელმაც დღეის გადმოსახედიდან გაუძლო ათწლეულებს. მხოლოდ ფორმის მიცემა საკმარისი არ აღმოჩნდა, შემდეგ საჭირო იყო ფოტოს და მოკლე მონაცემების ქართულ- ინგლისურ ენაზე დატანება, სწორად შერჩეული ფერის დასმა გახლდათ შემდეგი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ასე, უდიდესი შრომის შემდეგ შეიქმნა და განხორციელდა “წიგნი ხატების” იდეა. ხატებზე მუშაობისას აუცილებელ პირობად ჩავთვალე ამეღო კურთხევა საპატრიარქოდან, რათქმა უნდა ავიღე კიდეც. რამდენიმე წლის შემდეგ კი დავიცავი საავტორო უფლებები.
ერთ დღეს, მირზაანში გამოცხადდა „არტ გენი“ ს ფესტივალი, სადაც მივიღე მონაწილეობა, რასაც ნამდვილად არ ჩაუვლია უშედეგოდ. მოწვეული საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი და სიმპათიები წამოვიდა ჩემი ნამუშევრების მიმართ. დადებითმა ემოციებმა მომცა მეტი სტიმული გამეგრძელებინა შემოქმედებითი გზა და როგორც პაბლო პიკასო ამბობდა: „ხელოვნება ასუფთავებს სულიდან ყოველდღული ცხოვრების მტვერს,“ ასე გადავწყვიტე გამესუფთავებინა ადამიანებისათვის ყოველდღიურობის მტვერი და მეჩუქებინა მათთვის მცირედი ბედნიერება და სიხარული.“– ნინო მრელაშვილი ბონდარენკო.
დღეს უკვე, ნინოს ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე უცხოელ ტურისტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ „წიგნი ხატები,“ გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი საკითხები: რელიგიური, საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, მხატვრობა, საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილები. ნამუშევრებზე დატანილი ხატები, საქართველოს მეფეები, მხატვრები, ღირშესანიშნავი ადგილების შესახებ მოკლე ისტორიული ცნობები სხვა და სხვა ენაზე.
ჩვენთან საუბარში ნინო მრელაშვილმა მოყვა ამბავი, ერთი უჩვეულო ფაქტის შესახებ.
ნინოს შემოქმედება არ სრულდება „წიგნი ხატებით.“ ის ქმნის ტიხრული მინანქრისგან ულამაზეს სამკაულებს, სადაც ისევ და ისევ, ქართული კულტურის განუყოფელ ელემენტებს და ფერთა ჰარმონიული შერწყმის ტალანტს აღმოაჩენთ.
„ჩემს მიერ წარმატებით განხორციელებულმა პროექტმა მომცა მეტი სტიმული გამეგრძელებინა შემოქმედებითი გზა ხელოვნების მიმართულოებით. გადავწყვიტე შემესწავლა ხელოვნების უძველესი დარგი, რომელიც ჩემში უზომოდ დიდ ინტერესს იწვევდა. მინდოდა შევხებოდი კულტურული მემკვიდრეობის უძველეს საგანძურს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს და დღემდე მოგვიტანეს. ეს გახლავთ ტიხრული მინანქარი.
2018 წელს გალერეა ორნამენტის ორგანიზებით და თანადგომით, უნიჭერესმა თელაველმა ხელოვანმა, თეა ზუკაკიშვილმა თელავში გახსნა ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო, სადაც მქონდა უდიდესი ბედნიერება, ტიხრული მინანქრის საინტერესო, მაგრამ ურთულესი ტექნოლოგია ჩემთვის ესწავლებინა წარმატებულ ხელოვანს, ტიხრული მინანქრის ოსტატს-მარინა ბაბუნაძეს. ზუსტად მათი თანადგოით, ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით შევისწავლე და დავხვეწე ტიხრული მინანქრის ხელოვნება.
როგორც ცნობილია, ხელოვნების ეს უძველესი დარგი გავრცელებული იყო ბიზანტიასა და საქართველოში, რომელიც დასაბამს იღებს ახალი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნიდან და განაგრძობს განვითარებას მე-15 საუკუნის შუახანებამდე. შემდგენ ტიხრული მინანქრის ტექნოლოგია იკარგება , ხოლო მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან, ხელოვნების ეს უძველესი დარგი აღდგა და დღესაც განაგრძობს აქტიურ განვითარებას. ტიხრულ მინანქარზე მუშაობისას ეხები უძველესი ხელოვნების მიმართულებას, რაც მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობას.
მინანქარზე მუშაობისას, ჩემთვის დრო ჩერდება. მუშაობის პროცესში უმთავრესი ნაწილი გახლავთ ნამუშევარში ჩემს მიერ ჩადებული უდიდესი სიყვარული და დადებითი ემოცია. ზუსტად ამ სიყვარულს ვატან იმ ადამიანს, ვინც შეიძენს ნივთს და გახდება მისი მფლობელი. საოცარი შეგრძნებაა უკვე დასრულებულ ნამუშევართან შეხება და უფრო დიდი სიამოვნებაა ჩემს მიერ სიყვარულით შექმნილი ტიხრული მინანქრის სამკაულის უკვე ახალ მფლობელზე დანახვა.“– ნინო მრელაშვილი-ბონდარენკო.
ნინოს თქმით, მისი უდიდიესი სურვილია შექმნას კიდევ მრავალი საინტერესო ნამუშევარი ტიხრული მინანქრისა და „წიგნი ხატის“ მიმართულებით.
‘’„როდესაც სიყვარული და უნარი ერთად მუშაობენ, შეგიძლიათ ელოდოთ შედევრს.“ მაქვს მიზანი მეტი მონდომებით ვიმუშავო, რათა მართლაც შევძლო შედევრის შექმნა, რადგან გარშემომყოფებს გავულამაზო ცხოვრება.”-აღნიშნავს ნინო მრელაშვილი ბონდარენკო.