ყვარლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, ქალაქ ყვარელსა და სოფელ ჩანტლისყურეში, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოასფალტების სამუშაოები ქალაქ ყვარელში მიმდინარეობს კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის 906 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ასფალტის საფარისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 291 897 ლარს.
ასფალტის საფარი დაიგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა ასევე ქალაქ ყვარელში, დურუჯის ქუჩაზე, გზის 2 350 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, სამუშაოების ღირებულება 1 239 790 ლარია.
სოფელ ჩანტლისყურეში, შიდა საუბნო გზაზე დაიგება 640 მეტრი ასფალტის საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება შეადგენს 363 951 ლარს.
შეგახსენებთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან.