“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!” ამ ლოზუნგით დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკთან“ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად უერთდება აქციას – „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე,“ რომელიც ხორციელდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს სისხლის ბანკში არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.
აქციის ფარგლებში ხდება სისხლის უანგარო დონაცია, რამაც შესაძლოა გადაარჩინოს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებმა, ასევე, მოხალისეებმა.