ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines (უძველესი ვაზი) მოამზადა.
22 წუთიან სიუჟეტში, რომელიც CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში“ 26 ნოემბერს გავიდა, საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი.
გადაღებები მიმდინარეობდა ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე.
„აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის, სახელმწიფო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მასშტაბების გაზრდის მიზნით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის, ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, იტრიალებს ტელეკომპანიის ეთერში“,- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.