სსპ “შემოქმედებითმა საქართველომ” ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სსიპ-მა შემოქმედებითმა საქართველომ გამოაცხადა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

⁃ საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია);

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3-6 წელი;

ბ) პატარებისთვის, 7-12 წელი;

გ) ყმაწვილებისთვის, 13 + .

⁃ საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3-6 წელი;

ბ) პატარებისთვის, 7-12 წელი;

⁃ საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);

⁃ საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია).

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს (კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გათვალისწინებით).

საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი, 18:00 საათი.

დებულების თანახმად, კონკურსანტმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წინა (2023) წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოების შესაფასებლად, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით, სამ ეგზემპლარად, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (მისამართი: ვ. დოლიძის ქ. №28), ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტმა უნდა წარადგინოს პიესებისა და ინოვაციური პროექტების მხოლოდ ელექტრონული ვერსიები ელფოსტით – docs@creativegeorgia.ge. საკონკურსო ნაწარმოებები ნაბეჭდი წიგნის სახით სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში მიიღება საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე ყოველ პარასკევს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე.