სკოლებში მედიაწიგნიერების შესწავლის მიზნით, თელავში 20-მდე პედაგოგი გადამზადდა

თელავში, ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, 20-მდე მასწავლებელი პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულით გადაამზადა. სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა ჩაატარა, რის შემდეგაც პედაგოგები მე-10 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან.

როგორც კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაშია ნათქვამი, საგნის არჩევის შემთხვევაში, მოზარდები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.