როგორ შევურჩიოთ ბავშვს უსაფრთხო სახატავი საღებავები

ხატვა წარმოადგენს ბავშვის პირად, შემოქმედებით პროცესს, სადაც ვლინდება მისი ინდივიდუალიზმი. ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური კუთხით. ხატვის პროცესი, მცირეწლოვან ბავშვს უვითარებს წარმოსახვასა და მოტორიკას. მოზრდილი ასაკის ბავშვებს კი უვითარდებათ სამყაროს და ფერების აღქმა. ხატვის დროს გამოხატავენ საკუთარ თავს, ემოციებს და ხშირად თავისუფლდებიან სტრესისგან.

პირველი ნაბიჯები შემოქმედების თალსაზრისით, ბავშვმა შესაძლოა გადადგას 6-7 თვიდან. საამისოდ ძალიან კარგია თითების საღებავები. ჩვილს დედასთან ერთად შეუძლია საღებავი ქილიდან ქაღალდზე გადაიტანოს საკუთარი თითების მეშვეობით, ამაში მას უნდა დაეხმაროს მშობელი. საყურადღებოა ის მომენტი, რომ დედა უნდა ეცადოს ბავშვს ამის გაკეთებაში დაეხმაროს ისე, რომ მისცეს მას აბსოლუტური თავისუფლება. გაგიკვირდებათ, მაგრამ სწორედ თვეებიდან უყალიბდება ბავშვს დამოუკიდებლობის გრძნობა, თუ მას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას მივცემთ.

საღებავების სახეობები:

თითების საღებავი ძალიან კარგია 6-7 თვის ასაკიდან. ამ ასაკში ბავშვს ჯერ არ აქვს უნარი, დამოუკიდებლად დაიჭიროს ფანქარი ან ფუნჯი, თითის ქილაში ჩაყოფა კი ნამდვილად შეუძლია და ეს პროცესი მას ანიჭებს საკმაოდ დიდ სიამოვნებას.
თითების საღებავები ძირითადად წყლისა და საკვები საღებავისგან შედგება, რომელიც არანაირ ზიანს არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი საღებავიან ხელს ჩაიდებს პირში. ასეთი საღებავით ბავშვს შეუძლია დახატოს არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ მინაზე, ხეზე, კერამიკულ ფილაზე. მისი მოშორება არ გაუჭირდება მშობელს.

აკვარელის საღებავი-ყველა ზრდასრულმა ადამიანმა იცის, როგორ გამოიყენოს აკვარელის საღებავი. ამას ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან. ამ საღებავის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ძალიან მდიდარი ფერთა პალიტრა აქვს. აკვარელს ძირითადად ხატვის წრეებსა და საბავშვო ბაღებში იყენებენ.

გუაშის საღებავი, რომელიც ტექსტურის მიხედვით ზეთოვანია. ის იძლევა საშუალებას მხატვრმა შექმნას საკმაოდ სქელი და მდგრადი ფენა. ფერთა გამა საკმაოდ მდიდარია. ამ საღებავის უპირატესობა კი გახლავთ ის, რომ შეუძლია თანაბრად წარმატებით გამოიყენოს როგორც ბავშვმა, ისე პროფესიონალმა მხატვარმა.

ზეთის საღებავი- არის საკმაოდ ბლანტი კონსტინტენციის. მის გაშრობას ჭირდება დიდი დრო და იკეთებს დამცავ ფენას. ამ საღებავებით მუშაობის დროს უნდა იცოდეთ, რომ ჯერ გაზავებული საღებავით უნდა ისარგებლოთ, ხოლო შემდეგ შედარებით სქელი მასით. ზეთის საღებავები სხვადასხვა ხარისხის არსებობს, პროფესიონალურ საღებავებს უკეთესი პიგმენტაცია აქვს, დამწყებთათვის გირჩევთ, ჯერ არაუმეტეს ხუთი ფერით დაიწყოთ ხატვა და ფერთა რაოდენობა ნელ-ნელა გაზარდოთ. ზეთის საღებავები მაინც იმათთვის არის განკუთვნილი, ვინც ფუნჯს პროფესიონალუარდ ფლობს.

აკრილის საღებავი, ძალიან მსუბუქად მოსახმარია და აქვს ფერთა ძალიან მდიდარი პალიტრა. ის სწრაფად შრება. გაშრობის შემდეგ წყლით არ ირეცხება. აკრილის საღებავს ლაქის გადასმა აღარ სჭირდება. აკრილის საღებავები გამოიყენება ქაღალდზე, მუყაოზე, კერამიკაზე და პლასტმასზე მუშაობის დროს. საღებავის გასაზავებლად შეიძლება გამოიყენოთ წყალი.

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო და კარგი საღებავები

-ძალიან მნიშვნელოვანია გავეცნოთ საღებავის შეფუთვაზე განთავსებულ ინფორმაციას მწარმოებელი ქვეყნისა და ბრენდის შესახებ. აუცილებლად დაინტერესდეთ შემადგენლობით – ბევრი საღებავი შეიცავს ტყვიას და ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ბავშვებისთის რასაკვირველია, საკმაოდ სახიფათოა.

-ასევე მნიშვნელოვანია, რომელ ენაზეა დატანილი ეს ინფორმაცია. რაც მეტი ინფორმაციაა, მით უკეთესი. ნაკლები წარწერა მიანიშნებს პროდუქტის უხარისხობაზე.

-ქილაში მოთავსებული საღებავები ბევრად პრაქტიკული და მოხერხებულია.

-არ ღირს ისეთი საღებავის შეძენა, რომლის ფერებიც არ არის ხასხასა.

-საღებავებს არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი და უსიამოვნო სუნი.

-საღებავის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი მისი ერთგვარი კონსტინტენციაა. ის არ უნდა იყოს მშრალი და დამსკდარი.

-მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოთ ერთი ბრენდის საღებავი.