7-15 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით. იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები.“ კახეთში ღვინის დღეების აღნიშვნა თელავიდან დაიწყო. თელავმა აღნიშნულ ღონისძიებას უმასპინძლა 7 ოქტომბერს, ხოლო ყვარელმა 8 ოქტომბერს.
თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში სხვადასხვა ასაკის სტუმარზე გათვლილი არაერთი საინტერესო აქტივობა ოყო წარმოდგენილი.
მოეწყო მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. ასევე საგამოფენო სივრცე – “ყურძნის ჯიშები საქართველოში”.
გაიმართა საუბრები ღვინოზე ქართველ მეღვინეებთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად.
კვების სივრცეში წარმოდგენილი იყო კახური სამზარეულო.
მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ პურის ცხობაში, თათარის მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.
პატარებისთვის მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები.
დღეს მუსიკალურად აფორმებდნენ “თეატრალური კვარტეტი“ და მომღერალი ანა უზნაძე.
საღამო კი გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც „ბასიანი“, „შვიდკაცა“, მიშო ჯავახიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, „სუხიშვილები“, ნუკრი კაპანაძე, დათო შანიძე, კოტიკო ყიფიანი, „თეატრალურის კვარტეტი“, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი მონაწილეობდნენ.
ღვინის დღეებს ყვარელში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში მოეწყო შემოდგომის, ვაზის და ღვინის თემატიკის პავილიონები და ფოტოზონები. ტერიტორიაზე მოსული სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება. მოეწყო მეღვინეების კუთხე და კვების ზონა. გაიმართა საუბრები ღვინის ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე.
ღვინის დღეები ყვარელში კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: „ჩვენი კვარტეტი“ და „გაგა ფრანი“.