როგორ აღინიშნა თელავში ლეგენდარული ფეხბურთელის-გივი ჩოხელის საიუბილეო თარიღი

დღეს, ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელის, გივი ჩოხელის დაბადების დღეა. იგი იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაცვის ხაზზე იდგა. მანამდე ჩვენ მხოლოდ თავდამსხმელებით შეგვეძლო გვეამაყა. ჩოხელი იყო უაღრესად თანამედროვე მცველი. დიდი ფეხბურთელის ერუდიცია და მაღალი ტაქტიკური ალღო მას საშუალებას აძლევდა, ყოველთვის რაციონალურად ეთამაშა დაცვის ცენტრში, ხოლო როცა ფლანგზე გადადიოდა, აქტიურად ეხმარებოდა ფორვარდებს. განსაკუთრებით კარგი იყო მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში. შესანიშნავად თამაშობდა თავით. მაღალი ტექნიკა ეხმარებოდა, ძალზე ზრდილობიანი ყოფილიყო მეტოქეთა მიმართ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს, წესიერების ფარგლებში, ბურთისთვის ძალისმიერი ხერხები გამოეყენებინა. ამ ბრძოლას ის ყოველთვის იგებდა.

ფეხბურთელის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თელავის გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე თელავისა და მუნიციპალიტეტის სოფლების გუნდებს შორის ტურნირი ჩატარდა. ტურნირზე გამარჯვება წინანდლის გუნდმა მოიპოვა. ფეხბურთელები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა, თამარ ზაზანაშვილმა და გივი ჩოხელის ოჯახის წევრებმა, ფეხბურთელის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.