-საიდან წამოვიდა „სკიჯის“ შექმნის იდეა?
“სკიჯის შექმნის იდეა წამოვიდა, შინ, სოფლად დაბრუნების სურვილიდან, რაშიც ხელი შეგვიწყო აწარმოე საქართველოს მიკრო და მცირე გრანტების პროგრამამ. 2015 წელს, როცა პირველად გამოცხადდა ეს პროგრამა დავწერეთ იდეა, ბიზნეს გეგმა და გავხდით ამ პროექტის გამარჯვებული. მანამდე ვფიქრობდით თუ რა საქმიანობა მოერგებოდა ამ გარემოს. გვქონდა რამდენიმე იდეა, მაგრამ საბოლოოდ ჩირის წარმოებაზე შევჯერდით, რადგან სოფელში ბევრი ხილი ფუჭდებოდა, რომელიც არის სრულიად ჯანსაღი, შეუწამლავი და გემრიელი. გვინდოდა მისი სწორად და სასარგებლოდ გამოყენება.”
-როდის დაფუძნდა და ვინ არის დამფუძნებელი?
“სკიჯი ოჯახურ საქმიანობაა, რომლის შექმნაში და განვითარებაში ჩართულები ვართ ოჯახის სხვადასხვა თაობის წევრები. იდეა კი ოჯახის დიასახლისს დაკა ბერძენიშვილს ეკუთვნის, რომელის განხორციელებაც 2015 წლიდან დაიწყო. დროთა განმავლობაში ოჯახის სხვადასხვა წევრებმა შევითავსეთ სხვადასხვა მიმართულებები და დღეს ჩვენს საიმედო თანამშრომლებთან ერთად ვუძღვებით ამ საქმიანობას.“
-რას ნიშნავს სიტყვა „სკიჯი?”
“სკიჯი არის ძველი ქართული სიტყვა და სულხან – საბა ორბელიანის განმარტებით ხმელ ყურძენს იგივე ქიშმიშს ნიშნავს.”
-რომელი ხილისგან მზადდება ჩირები და სად ხდება მათი რეალიზაცია?
“ჩვენი ჩირები მზადდება თითქმის ყველა იმ ხილისგან რაც გურიაში, დასავლეთში მოდის. განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენი მანდარინის, კივის, ხურმის, ნესვის და მოცვის ჩირი. მათი რეალიზება ხდება ადგილზე, სკიჯის სახლში. ჩვენთან მოსული სტუმარი ჩირის და ჩვენი სხვა პროდუქტების გარეშე ჩვენგან არ მიდის. ასევე გაყიდვა ხდება ონლაინ ჩვენი ფეისბუქ ( https://www.facebook.com/geoskiji) და ინსტაგრამ (https://www.instagram.com/geoskiji/) გვერდებით, თუმცა სადღესასწაულო პერიოდებში აქტიურად ვმუშაობთ კორპორატიული შეკვეთებისთვის. ახლაც უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა რამდენიმე საახალწლო კორპორატიულ შეკვეთებზე.”
-სად მდებარეობს „სკიჯის“ სახლი და გარდა ჩირის მომზადებისა თუ მასპინძლობს დამთვალიერებელს?
“ჩვენი ჩირების საწარმო, რომელიც 150 წლიან გურულ ოდაშია განთავსებული შიგნით კი თანამედროვე მანქანა დანადგარებითაა აღჭურვილი, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში მდებარეობს. საწარმოს გურულ ოდაში განთავსების იდეა, ჩვენი სოფლის, რაიონის ტურისტული პოტენციალიდან განვსაზღვრეთ, რადგან გვინდოდა რომ ეს შენობა, თავისი ავთენტურობით და სიძველით ტურისტებისთვისაც საინტერესო ყოფილიყო.
ამავე ტერიტორიაზე გვაქვს საოჯახო სასტუმრო სკიჯის სახლი, სადაც ვმასპინძლობთ სტუმრებს როგორც საქართველოდან ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი ყველა საქმიანობა ერთ სივრცეშია მოთავსებული, ეს არის ჩვენი მამა-პაპისეული კარმიდამო, რომელიც აერთიანებს 5000 კვ.მ ფართობს, რაც ამ ეტაპზე მოიცავს სკიჯის ჩირების საწარმოს 150 გურულ ოდაში, საოჯახო სასტუმრო სკიჯის სახლს, სკიჯის ხეხილის ბაღებს საჩვენებელი მეურნეობის სახით და გურული გასტრონომიის სივრცეს კონცეფციით Farm to table – ყველა პროდუქტი არის ადგილობრივი და ეკოლოგიურად სუფთა. ეს ჩვენი სტუმართ-მასპინძლობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ასევე ტურისტებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასებს, ადგილობრივ სამუშაოებში ჩართვას და ტურებს შემოგარენში.”
-თუ მიგიღიათ მონაწილეობა კონკურსებში, მოგვიყევით თქვენი მიღწევების და წარმატებების შესახებ.
“ჩვენი მთავარი კონკურსები ის პროგრამებია რომელშიც მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას ჩვენი საქმიანობის გაფართოვებისთვის. როგორც უკვე ვახსენე, ეს დაიწყო აწარმოე საქართველოს პროგრამით და გაგრძელდა USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით, რომლის საშუალებითაც ჩვენი წარმოება საოჯახოდან გადავიდა საშუალო წარმოების სტანდარტიზირებულ პროცესებზე. აღიჭურვა ევროპული წარმოების თანამედროვე მანქანა დანადგარებით, მალე ჩვენს საწარმოში დაიწყება HACCP-ის პრინციპების დანერგვა. შეფუთვა- ბრენდირების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ესენიც USAID-ის და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კეთდება.”
-რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა მშრალი ხილის შერჩევისას, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყობილებდეს ის და რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა „სკიჯის“ პროდუქციას?
“პირველი, რაც მომხმარებელმა უნდა იცოდეს არის ის რომ ჩვენი პროდუქტი სოფლის მოსახლეობისგან შესყიდული, შეუწამლავი ხილითაა დამზადებული. ჩირს დამუშავების პროცესში არ ემატება შაქარი და სხვა ტიპის ემულგატორი. ამიტომ განსაკუთრებული გემური და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. დიდ ყურადღებას ვაქცევთ შენახვის პირობებს და შეფუთვებს, რომელიც ასევე ეკოლოგიურია. განსაკუთრებულია ჩვენი ახალი პროდუქტი – გატარებული ჩირის კანფეტები, რომელიც იფუთება სიმინდის ფუჩეჩში.”
-მოგვიყევით ჩირის კანფეტების შესახებ, რომლებიც შეფუთულია სიმინდის ფუჩეჩში. (ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იდეაა). საიდან გაჩნდა იდეა და ხომ არ უკავშირდება სიმბოლურად რაიმე ქართულ ტრადიციას?
“გაფართოებასთან ერთად “სკიჯმა“ დაიწყო ახალი პროდუქტის წარმოება – როგორიცაა გატარებული ჩირის კანფეტები, მათში ჩვენს მიერ გამშრალი ხილი ისეთი პროპორციითა შერეული, რომ ვიღებთ რამდენიმე ტიპის კანფეტს: საბავშვო, ფიტნეს, დიაბეტური და მაღალკალორიული. ეს ახალი პროდუქტი მალე გამოჩნდება ბაზარზე. რაც შეეხება სიმინდის ფუჩეჩში შეფუთულ კანფეტებს, ისინი ჩვენი განსაკუთრებული და პრემიუმ ხაზის პროდუქტია, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ეკოლოგიური, გემრიელი და სასარგებლო. იდეა და განხორციელებაც თავიდან ბოლომდე ეკუთვნის დაკას, თუნდაც ამ ერთი იდეით (რომ არაფერი ვთქვათ საწარმოს გურულ ოდაში განთავსება), მარტივად შეიძლება წარმოიდგინოთ ადამიანის შემოქმედებითი ბუნების დიაპაზონი, რაც კარგად ჩანს ჩვენი სივრცის ყველა დეტალში.”
მაკო ცირეკიძე
სკიჯის ოჯახის წევრი