ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაური შტაბის მუშაობას გაეცნო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასგან ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.
18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე საფერავია.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოსავლის დაბინავების პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს.
“მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს რაციონალურ ფასებს მევენახეებისთვის. ამან ასევე შეამცირა რიგები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსავლის დაბინავების პროცესი ყველა თვალსაზრისით სათანადოდ წარიმართება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია პროცესში და კოორდინაციას უწევს რთველის მიმდინარეობას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.