მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე საფასური ამოქმედდება

თელავის მუნუციპალიტეტის მერიის მიერ, ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ამოქმედება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N11 დადგენილებით, მგზავრობის საფასური განისაზღვრა 1 (ერთი) ლარით, ხოლო 50%-იანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭა შემდეგ კატეგორიას:

პენსიონერები;

იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები;

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები;

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები;

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.

თელავის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ზემოთჩამოთვლილი კატეგორიიდან რომელიმეს მიეკუთვნება და სურს, ისარგებლოს 50%-იანი შეღავათით მგზავრობის უფლებით, 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, უნდა მიმართოს თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ტერიტორიულ ოფისებს ქალაქ თელავში:

  1. აღმოსავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული – რუსთაველის N73
  2. ალაზანი – კავკასიონის ადმინისტრაციული ერთეული – ალაზნის გამზ.N 14
  3. დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ქეთევან წამებულის N 3ა
  4. ძველი თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ქეთევან წამებულის N 3ა
  5. ცენტრალური თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ერეკლე II-ის გამზ. N 16,

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფელში, უნდა მიმართონ შესაბამისი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციისათვის ასევე შესაძლებელია დაკავშირება ტელეფონის ნომერზე:

0(350) 27 23 00.

რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები.