დღეს, თელავში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მოადგილეებთან, ნიკოლოზ მეტრეველთან და ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად დაესწრო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა ქართველ ერს დედაენის დღე მიულოცა და ქართული ენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„პირველრიგში გილოცავთ დედაენის დღეს!.. ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს მივულოცავ ამ დღეს. ვთვლი, რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. თელავში, დღის განმავლობაში რამოდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა ღონისძიება. ჩვენ პატივი მივაგეთ დედაენის მემორიალს, სადაც ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა ლექსები და სიმღერები. ქალაქში მოვიწვიეთ ქალბატონი ნინო დეკაზონიშვილი, რომელმაც ლექცია/სემინარი ჩაატარა ქართული ენის წარმოშობასთან, მის ისტორიასთან დაკავშირებით. ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ერისთვის ქართული ენა და რამდენად აუცილებელი იყო ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების ფაქტი 1978 წელს. ვფიქრობ, ჩვენი ენა არის ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ის სამეტყველო ენა, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მინდა მივულოცო ყველას დედაენის დღე“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორმა, პოეტმა და მწერალმა ნუციკო დეკანოზიშვილმა თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ჩაატარა სალექციო ტიპის შეხვედრა, სადაც ისაუბრა ქართული ენის უძველესი და უნიკალური ისტორიის შესახებ.
„დღევანდელი სალექციო კურსი მოიცავდა დედაენის დღესთან დაკავშირებულ ლექციას, თუ რა მოხდა 1978 წელს, როგორ დადგა მთლიანად ქართველი ერი იმის დასაცავად, რომ სახელმწიფო ენად დარჩენილიყო ქართული ენა. ეს იყო უპრეცედენტო თანხმობა მთლიანი ქართველი ერის, რომელმაც გამოიღო ძალიან დიდი შედეგი და დაკანონდა ეს დღე, 14 აპრილი, როგორც დედაენის დღე. დღეს ვისაუბრე ჩვენი ქართული ენის უნიკალური მოცემულობის შესახებ, რომელიც არანაირად არ არის სტატიკური, იგი მოძრავია, ცოცხალია და საჭიროებს მუდმივ მოფრთხილებას, ზრუნვას, მასზე ფიქრსა და დაცვას“, – აღნიშნა ნუციკო დეკანოზიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, აუცილებელია მომავალმა თაობამ იცოდეს 14 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა, თელავის მინიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„14 აპრილი ჩვენი ქვეყნის კალენდარზე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე-ქართული ენის დღე!.. 1978 წლის, 14 აპრილს მთელი ქვეყანა გამოვიდა საკუთარი ენის დასაცავად. მაშინ, იმ ტოტალიტარულ რეჟიმში ეს იყო ნამდვილი გმირობის ტოლფასი. ეს არის ქართული, თავისუფლების მოყვარე სულის დიდი აღმაფრენის წელი და თარიღი. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი იმ მოვლენებს, რომლებიც მოგვიანებით განვითარდა საქართველოში. დაინგრა ზოგადად საბჭოთა კავშირი და ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გავხდით. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ამ დღის შესახებ. ყველამ უნდა გავითავისოთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშობლიურ ენას ქვეყნისათვის, მისი იდენტობისათვის, თავისუფლებისათვის და ამ დიდ მსოფლიო ოჯახში თანასწორუფლებიანი ადგილის მოპოვებისათვის. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ შევდივართ უიშვიათეს 14 დამწერლობაში და მითუმეტეს ჩვენ გვაქვს სამი ტიპის სხვადასხვა დამწერლობა. როდესაც გაქვს ასეთი განძი, მართლა ღვთისაგან ბოძებული, შენ ვალდებული ხარ, რომ იდგე მის სადარაჯოზე“, – ამბობს ფიქრია ყუშიტაშვილი.
დღევანდელი დღე თელავის „ძველ ბაღში“, მუსიკალური და ქორეოგრაფიული კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას თელავის მუნიციპალიტეტის მუსიკალური სტუდიების, სამუსიკო სკოლების, ცეკვის ანსამბლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები იღებდნენ.