დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ, სამუშაო შეხვედრა გამართეს კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს როგორც „რთველი – 2024″- ის მიმდინარეობა, ასევე, საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საკითხები.
აღსანიშნავია, რომ „რთველი – 2024″-ის ფარგლებში, 5 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 25 ათას ტონამდე ყურძენი. გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათას ტონამდე რქაწითელია, 7.5 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მიმდინარე წელს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იქნება 500-ზე მეტი ღვინის საწარმო. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 300 ღვინის საწარმო. 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი შეადგენს 300 ათას ტონას.
კახეთის რეგიონში რთველი უკვე აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ხოლო უახლოეს დღეებში ყურძნის მოსავლის დაბინავება დაიწყება გურჯაანში, ყვარელსა და თელავში.