თელავში „ჭაჭა 2026“-მა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს უმასპინძლა

თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, ყოველწლიური რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა 2026“ გაიმართა. ღონისძიება მუსიკალურ-თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.
„ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, რომელშიც კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი ერთობლივად მონაწილეობს. სტუმრებს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი თემატური, გასტრონომიული და კულტურული სივრცეები დახვდათ.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მცირე მარნების, ფერმერების, გლეხებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ასევე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — „საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტები, ასევე, ჭაჭის მწარმოებლები, რომლებმაც ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს.
ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები — გიორგი თუშიშვილი და მამუკა ბურდიაშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის პალატა, ტურიზმის განვითარების ასოციაცია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.