საქართველოს კულტურის პალატისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დღეს თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში გაიმართა ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი – „სთველი.”
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ, კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა.
მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში გაიმართა ადგილობრივი ღვინის კომპანიებისა და მარნების ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობები.
ფესტივალზე შეიქმნა სიმბოლური ნაზავი – „მეფე ერეკლეს ღვინო.” საუკეთესო ბლენდის შემქმნელები დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.