თელავში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა.

თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ღონისძიებას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე, ვახტანგ ცინცაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის მანძილზე დახვდათ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. გაიმართა ადგილობრივი, საბავშვო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. მოეწყო სამეწარმეო სივრცე, სადაც გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.