თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, ხოლო მიმდინარე წელს ყურძნის მოსავალის პროგნოზი, დაახლოებით, 300 ათასი ტონას შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მევენახეებსა და მეღვინეებს რთველის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.
„უკვე წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გამოვაცხადეთ პრიორიტეტულ მიმართულებად და მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდეთ აღნიშნული დარგის განვითარებისთვის. კონკრეტული შედეგები გვაქვს სახეზე, რაც გამოიხატება როგორც ვენახების ფართობების, ასევე ღვინის ექსპორტის ყოველწლიურ ზრდაში. მიმდინარე წელს, 7 თვის მონაცემებით შეინიშნება 20%-იანი ზრდა. შარშან გვქონდა რეკორდული ექსპორტი. შემოსავლის კუთხით წელს ველოდებით, რომ მევენახეების შემოსავალი იქნება დაახლოებით 350 მილიონი. ამ პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა არის ის, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რქაწითელის ჯიშის სუბსიდირებაზე. ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი,”– განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, შეხვედრას დაესწრნენ: მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – გელა სამხარაული, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501), მუსაობს 24 საათიანი რეჟიმში. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.