დღეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, თელავის მუნიციპალიტეტში 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირება, აღწერის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
გოგიტა თოდრაძემ დეტალურად ისაუბრა აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ.
საქართველოში მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და იგი მოიცავს 2 ეტაპს.
პირველი ეტაპი გულისხმობს, რომ 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს მოქალაქეების მიერ თვითრეგისტრაციას. მოქალაქეები შეძლებენ საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე შეავსონ აღწერის კითხვარები წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.
მეორე ეტაპი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება. საქსტატის მიერ მომზადებული 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერასთან ერთან დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარებაც, რომლის ფარგლებში შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.
აღწერის შედეგად განახლდება ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების სტატუსის, განათლების დონის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საბინაო პირობების შესახებ.
დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, ასევე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან.