თელავში კოლეჯ „პრესტიჟში“ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, სახელოვნებო განათლების მდგომარეობის გაცნობის მიზნით, თელავში, პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟში” საკომიტეტო მოსმენა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური სწავლების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და აღინიშნა, რომ ძირითადი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და პროფესიული კადრების დეფიციტია.

კომიტეტის წევრებმა სახელოვნებო განათლების განვითარების კუთხით, მხარდაჭერა გამოუცხადეს ყველა იმ პროგრამასა და პროექტს, რომელიც რეგიონში აღნიშნული სფეროს განვითარებას ხელს შეუწყობს.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კულტურის სფეროს ექსპერტებსა და პედაგოგ-მასწავლებლებთანაც. დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივა პანელური დისკუსიის ფორმატში გააცნეს.

კომიტეტის ინიციატივა სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას შეეხება. ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილება კულტურის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება.

შეხვედრებში კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი მონაწილეობდნენ.