დღეს, თელავში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგნელდებმა, საზოგადოებასთან ერთად პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის თქმით, 9 აპრილს გმირულად გარდაცვლილ ადამიანებს შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს და ყოველთვის პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.
„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. სწორედ ამიტომ, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებით პატივი მივაგეთ გმირების ნათელ ხსოვნას. ეს ის ადამიანები იყვენენ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას. სამწუხაროა თავად ის ფაქტი, რომ 9 აპრილს, უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, თუმცა ამ ადამიანებმა სიცოცხლის ფასად სამშობლოს თავისუფლება მოუტანეს. მათი სახელები და გმირული თავგანწირვა თაობებს სამუდამოდ ემახსოვრება. მჯერა, რომ 9 აპრილს გმირულად გარდაცვლილ ადამიანებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია და შთამომავლობა”, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მადლობა გადაუხადა ადგილზე მისულ თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ არ ივიწყებენ გმირების ღვაწლს და ყოველ წელს ტრადიციუალად პატივს მიაგებენ.
„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილის ტრაგედიის დროს გმირულად დაღუპული ჩვენი მოქალაქეების ხსოვნას. სწორედ ამ დღემ გააერთიანა მთელი საქართველო და ამ გაერთიანებით მოვიპოვეთ თავისუფლება. მადლობა ჩვენ გმირებს, მადლობა მათ ამ თავისუფლებისთვის”,– განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ბავშვთა სტუდია “სოლეი”-ს მიერ გაიმართა მსვლელობა – პერფორმანსი. ბავშვებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს გმირულად გარდაცვლილთა ხსოვნას.