თელავის №2 საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა

თელავში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აგრძელებს №2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დღეს, სკოლაში მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სკოლაში, რომელიც გათვლილია 350 მოსწავლეზე, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 
აღსანიშნავია, რომ თელავის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განათლების მიღება უწევდათ რთულ პირობებში. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსწავლეები ისარგებლებენ გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულდება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს.