თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს სალომე თათულიშვილი უხელმძღვანელებს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს სალომე თათულიშვილი უხელმძღვანელებს.

თესაუს ინფორმაციით, სალომე თათულიშვილს აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ, 18 ხმით.

სალომე თათულიშვილმა 2008 წელს დაასრულა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, სოციოლოგის სპეციალობით. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა და 2011 წელს მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.

2014 წელს, თათულიშვილი სამუშაოდ გადავიდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, ხოლო 2018 წელს, მან მოიპოვა განათლების მეცნიერების მიმართულებით, დოქტორის ხარისხი.