თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მცირე კრებული გამოსცა

ა(ა)იპ თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ გამოსცა მცირე კრებული „მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ერეკლე.”
კრებული რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
1.“პატარა კახი, მეფე ერეკლე“ – მოიცავს ინფორმაციას ერეკლე მეორის შესახებ, წარმოდგენილია წიგნები, რომლებიც მის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეხება; აგრეთვე – მეცნიერთა მოსაზრებები მეფის შესახებ;
2. „მეფე ერეკლეს საბრძოლო გამარჯვებები“ – აქ მკითხველი გაეცნობა ერეკლეს მიერ გადახდილი ბრძოლების ნუსხას;
3. „რეფორმები“ – ერეკლეს მიერ გატარებული საგანმანათლებლო, კულტურული და სამხედრო რეფორმების მიმოხილვა;
4. „პრინცი ჰერაკლე“ ევროპულ პრესაში“ – აქ გამოქვეყნებულია ისტორიკოს გიორგი კალანდიას მიერ მოპოვებული მასალები, ნაჩვენებია ევროპული პრესის ფურცლებზე დაბეჭდილი წერილები ერეკლეზე, სადაც დაუფარავი აღფრთოვანებაა გაცხადებული „ქართველი ლომის“ პიროვნების და სიმამაცის მიმართ;
5.“ერეკლე მეფის ევროპული მისწრაფებები“ – ამ ნაწილში თავმოყრილია ის წერილები, რომლებიც მიმართულია ევროპელი მონარქების მიმართ. აქ წარმოდგენილია თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული ხელნაწერი დოკუმენტები – მეფის წერილები სხვადასხვა ევროპელი ლიდერების მიმართ. წერილები ცხადყოფს, რომ გეორგიევსკსის ტრაქტატის გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე ის ძალიან აქტიურად ცდილობდა ევროპულ სახელმწიფოებთან და მათ ლიდერებთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირის დამყარებას.
6. „ვერ გაგიგიათ, ქართველნო, შაგეხსნათ რკინის კარია“ – აღნიშნული ბოლო ნაწილი ეთმობა ინფორმაციას მეფის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შესახებ. „სვეტიცხოვლის ტაძარში, ქრისტეს კვართის სიახლოვეს განისვენებს „საქართველოს ცხელი გული,“ დიდებული მეფე და მხედართმთავარი.
კრებული შეადგინეს: ანა იორდანიშვილმა, ნელი ცქიტიშვილმა, ნატო ნაცვლიშვილმა.