თელავის მერის ინიციატივით აუტიზმთან დაკავშირებით საინფორმაციო კვირეული დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის ინიციატივით, მერიის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, აუტიზმთან დაკავშირებით, საინფორმაციო კვირეული დაიწყო. ხვალ, 2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, კვირეულის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან, რომელშიც ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

“შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა ისაუბრეს მიმდინარე საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ასევე გაჟღერდა უკუკავშირი მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული.

შეხვედრის მონაწილეებს მადლობას ვუხდით ინტერაქციისთვის, შეხვედრის საინტერესოდ წარმართვისთვის, რომელიც არსებული პროცესების გაუმჯობესებას და სამომავლო გეგმების კოორდინირებულად დასახვას ემსახურებოდა”, – თელავის მუნიციპალიტეტის მერია.