ლესია უკრაინკა ლარისა კოსაჩ-კვიტკას ლიტერატურული ფსევდონიმია. იგი დაიბადა 1871 წელს, ნოვოგრად-ვოლინსკში, ამჟამინდელ ჟიტომირის ოლქში.
ლესია უკრაინკა უკრაინულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ცნობილი პოეტი და მნიშვნელოვანი მწერალი ქალია, რომელმაც თქვა: “მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი, ქართველი ვყოფილიყავი.”
ლესია უკრაინკა საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 10 წლის განმავლობაში, ის მუშაობდა ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში. საქართველოში ყოფნისას შექმნა საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები: “ტყის ზღაპარი,” “ქვის ბატონი,” “რუფინი და “პრისცილა.” იგი ოჯახის წევრებს წერდა:
“ასეთი საინტერესო, განსაცვიფრებელი მხარე – საქართველო! შეუძლებელია იცხოვრო ასეთ მშვენიერ მხარეში და არ იყო პოეტი. მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის. როცა ალაზნის ხეობას ვუყურებ, დნეპრის სანაპირო მახსენდება.”
საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამორჩეულმა მწერალმა თავისი უმცროსი დისთვის დაწერა სახელმძღვანელო – “აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია,“ რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია. მის წერილებში ხშირადაა ნახსენები იაზონის, პრომეთეს სახელები.
ლესია უკრაინკა 42 წლის ასაკში, დაბა სურამში გარდაიცვალა და იგი საქართველოსა და უკრაინის ისტორიული ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა.