ვინ არის “ფიანელას” სახელოსნოს დამფუძნებელი-ზღაპარი თუ რეალობა?!

-მოგვიყევით თქვნენს შესახებ, ვინ არის ფიანელას დამფუძნებელი და იდეის ავტორი?
 „მე ვარ ნუკრი. პროფესიით მხატვარი, ფოტოგრაფი და ჩემი ბაღის მებაღე. ბევრი რამით ვარ დაინტერესებული და მათ შორის გამოვარჩევ ხეზე მუშაობას, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გადავწყვიტე ბაღის ინვენტარის წარმოება. პირველად ჩემი ბაღისთვის ვცადე. ვისწავლე ბევრი რამ, დავხვეწე და მეორე წელია, რაც შეკვეთები მაქვს ბაღის სკამებზე, ასევე ხის პატარა ნაკეთობებებზე ისეთზე, როგორსაც ვერსად ნახავს ადამიანი. ჩემი მიზანია განსხვავებული რამ შევქმნა. შეიძლება ეს სულაც არ იყოს მოთხოვნადი და მატერიალურად მომგებიანი მაგრამ ეგ ფაქტი არ მადარდებს. მე არ ვაკეთებ  მარკეტინგულ გათვლებს.

       

-სად მდებარეობს ხის სახელოსნო სახელად ფიანელა და რა ისტორია დგას ამ სახელის უკან?
სახელოსნო არ მაქვს ყველაფერს სახლის ეზოში ვამზადებ. ფიანელა ხის დასამუშავებელ ერთერთ იარაღს ქვია. მომეწონა და რატომაც არა, დავარქვი ჩემს სახელოსნოს. (მოდით მაინც ამ ტერმინით მოვიხსენიებ). ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობ. სამომავლოდ მინდა პატარა გუნდის შექმნა, რომლებიც დასაქმდებიან ჩემს სახელოსნოში. თბილისის გარეუბანში წყნარ ადგილას მდებარეობს ჩემი სახელოსნო.“

-რას სთავაზობთ მომხმარებელს, რა ნაკეთობების შეკვეთაა შესაძლებელი ფიანელაში?
ძირითადად ბაღის ავეჯს ვამზადებ. საშობაოდ კი ნაძვისხეებს, ანგელოზებს და სხვა დეკორაციებს, მოთხოვნის შესაბამისად.

-რატომ უნდა შეაჩეროს მომხმარებელმა არჩევანი ფიანელაზე, რით განსხვავდება სახელოსნო სხვა მსგავსი ტიპის სახელოსნოებისგან?
ვფიქრობ მომხმარებელმა ერთი მთავარი ფაქტორის გამო უნდა შეაჩეროს არჩევანი ფიანელაზე, რადგან დიდი რაოდენობის შეკვეთებს არ ვიღებ, მაქვს ბევრი თავისუფალი დრო, რომ ხარისხიანად, მშვიდად და გულიანად ვიმუშაო შეკვეთაზე. არ ვარ დაქირავებული, რომელსაც დაავალეს და აკეთებს, (მოსწონს თუ არ მოსწონს). შემოქმედებითად ვუდგები საქმეს. მიყვარს რასაც ვაკეთებ. მე თვითონ ვაწყობ და მიმაქვს შემკვეთის მისამართზე ნივთი. ვფიქრობ, სწორედ ამით განვსხვავდები სხვებისგან, რომ საქმე ფულის გამომუშავების მიზნით არ დამიწყია. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, რომ შევქმნა ისეთი რამ და ვუჩვენო ადამიანებს, რაც არსად არ არსებობს.“

-მე პირადად ფიანელას სახელოსნოს ფოტოების ნახვისას ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ზღაპარში მოვხვდი. გვიამბეთ თქვენი ინსპირაციის წყაროს შესახებ, საიდან მოდის შთაგონება?
როცა ჩემს ნაკეთობას ხედავენ უკვირთ, აღტაცებას გამოხატავენ და ძალიან მოსწონთ. ეს ჩემთვის ნიშნავს წარმატება. შთაგონების წყარო არის ბევრი რამ, მაგალითად: ფილმები, ზღაპრები, ინგლისური ბაღები, ძველი თბილისი, ბუნება და კიდევ მრავალი რამ, რაც თავმოყრილია ჩემში. ყველაფერი ზღაპრული და ამაღელვებელი მიზიდავს. ვცდილობ ასეთი შევქმნა ირგვლივ ყველაფერიარასტანდარტული, არა ჩვეულებრივი, ან საერთოდ არაფერი.„

-გარდა ხის ნაკეთობებისა ფიანალა აწარმოებს აბრეშუმის კიმონოებს. რაზე მიანიშნებს ეს არჩევანი (ხომ არ უკავშირდება აღმოსალურ კულტურას) და თუ არის მასზე მოთხოვნა?
„აბრეშუმის ხალათებს რაც შეეხება დედა კერავს. მთელი ცხოვრებაა ამ პროფესიით მუშაობს. გადავწყვიტეთ რამე სახე მიგვეცა და კონკრეტული ხაზი გაგვეკეთებინა ხალათების კოლექციის. გასულ გაზაფხულს დავიწყეთ და დასაწყისისთვის საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა.“

-ადგილზე თუ მასპინძლობს ფიანელა დამთვალიერებელს და თუ არის შესაძლებელი სივრცის დაჯავშნა რაიმე ღონისძიებისთის?
ბაღი დამთვალიერებელს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მასპინძლობს. მაისის მეორე ნახევრიდან, ივნისის პირველ ნახევრამდე, ვარდების ყვავილობის დროს. ეს საოცარი სანახაობაა. დაჯავშნა ფიზიკურად არ ხერხდება, რადგან ადგილი მცირეა და დიდი ოჯახი გვაქვს.“

– რას ეტყოდით მომხმარებელს და საზოგადოებას
მომხმარებელს და საზოგადოებას ვეტყოდი რომ ნუ მოგხიბლავთ მარკეტები, მზა შემოთავაზებული ნაკეთობები, მოუხმეთ ფანტაზიას: მოიგონეთ, დახატეთ, გააკეთეთ თვითონ ან ვინმეს გაკეთებინეთ ის, რაც გინდათ და არა ის, რასაც გთავაზობენ და სხვა არჩევანს არ გიტოვებენ, ოგორ ჩემს შემთხვევაში იყო და რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, რომ მე თვითონ გამეკეთებინა ის, რაც ჩემს ფანტაზიაში იყო.“