თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა მრავალფეროვანი პროგრამით.
ღონისძიებას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე, ვახტანგ ცინცაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის მანძილზე დახვდათ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. გაიმართა ადგილობრივი, საბავშვო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. მოეწყო სამეწარმეო სივრცე, სადაც გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.
საღამო გაგრძელდა გალა კონცერტით, სადაც შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მსმენელის წინაშე წარსდგნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ვაჟა მაღრაძემ,კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეამკეს ყვავილებით.