“ერთ ფურცელზე დატეული სამყარო”-გაიცანით ზურა ტოტიკაშვილის შემოქმედება

ყოველდღიურობა, ბუნება, ოჯახი, სიყვარული. ეს ის თემებია, რომლის ირგვლივაც იქმნება თელავში მცხოვრები მხატვარის, ზურა ტოტიკაშვილის ნახატები. როგორც მხატვარმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხატავს ნებისმიერი საღებავით, თუმცა განსაკუთრებით მოსწონს ხატვა კალმით, რადგან ეს ტექნიკა დაკავშირებულია დიდ სირთულეებთან, რაც შემოქმედს ეხმარება უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

ჩემი ნახატები მთლიანად ცხოვრებას მოიცავს. მათში გაერთიანებულია ყველა განცდა და გრძნობა. ერთ პატარა ფურცელზე დატეულია წარსული, აწმყო, მომავალი და სრულიად სამყარო. ჩემთვის მხატვრობა სულის მდგომარეობაა. ეს ნიჭი, ჩემში აღმოვაჩინე ჯერ კიდევ ბაღის ასაკში. ჩემი ნახატების უმეტესობა იქმება კალმით, რომელსაც  ძირითადად ვიყენებ მგზავრობისას, რადგან კალამი საკმაოდ მოსახერხებელია. კალმით ძალიან ხშირად ვხატავდი, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ეს სტილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურ ქსელ Facebook ჯგუფებში, ლაივში დავიწყე ხატვა კალმით. ასეთი ტექნიკა მოითხოვს წარმოუდგენელ ძალისხმევას, რადგან კალმის პატარა თავით უნდა დაიფაროს მთელი ფურცელი, ხოლო შეცდომის შემთხვევაში ვერაფერს წაშლი. მთელი შრომა წყალში იყრება.“- განაცხადა ზურა ტოტიკაშვილმა

ხელოვანის თქმით, მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის კონკურსებში და გამოფენებში მონაწილეობის მიღება, რადგან ეს ზრდის ცნობადობას და ნამუშევრების პოპულარაზიაციას საზოგადოებაში.

ჩემი პირველი გამოფენა მახსოვს, სკოლის პერიოდში. შემდეგ იყო „სეუს“ შენობა, სადაც ასევე მივიღე მონაწილეობა, დაახლოვებით სამი წლის წინ. ვმონაწილეობდი „მარგარეტ ტეტჩერის სიტყვის თავისუფლების ლოგოს კონკურსში. უკვე 2021 წელს თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მქონდა პერსონალური გამოფენა, ჩემი ნახატი სახელადმწყემსი,“ გადავეცი საჩუქრად მუზეუმს. ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართა ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის ზაირა არსენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში. მომავალში ვაპირებ, შეძლებისდაგვარად  ჩავერთა ყველა გამოფენაში.“-აღნიშნავს ხელოვანი

ზურა ტოტიკაშვილი ასევე ამბობს, რომ ადამიანებს, რომელიბიც ნახატის შესაძენად შეკვეთას აკეთებენ, უპირატესობას ანიჭებენ უცხო სტილის ფერად ნახატებს.

„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ადამიანები იმდენად მენდობიან, ზოგიერღთი მათგანი, ინდივიდუაკური შეკვეთის დროს, მხოლოდ თემატიკაზე მესაუბრება და ბოლომდე მანდობს შედეგს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია. მაბედნიერებს ის მომენტი, როდესაც ადამიანებს ვჩუქნი დადებით ემოციებს ჩემი შემოქმედებით.“- ზურა ტოტიკაშვილი

ზურა ტოტიკაშვილის თქმით, თუ მხატვარს შემოსავლის წყარო ექნება, საკუთარი დროის დიდ ნაწილს მხოლოდ ხატვას დაუთმობდა და აღარ იარსებებდა არანაირი შეზღუდვა. ამიტომ არის მხატვრისთვის მნიშვნელოვანია ნახატების რეალიზება, რომ გაყიდული ნახატით კვლავ საღებევაბი შეიძინოს, რათა შექმნას ახალი ნამუშევრები.