თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, ევროპის დღეს საქართველო, წელს პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით შეხვდა. ლევან ანდრიაშვილმა საზოგადოებას ისტორიული დღე მიულოცა და შეახსენა, რომ საქართველო, ყოვლეთვის იყო ევროპული ღირებულებების და კულტურის მქონე სახელმწიფო.
„გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები და ყველას, ვინც საქართველოს ხედავს ამ დიდ ოჯახში. საქართველო ტრადიციულად, კულტურულად, ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში იყო ევროპული კულტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი რეგიონში. ოდითგანვე საქართველოს უნიკალური წვლილი შეჰქონდა ევროპული ფასეულობების ფორმირებაში. ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის დამცველად. სწორედ ეს საერთო ღირებულებები განაპირობებს ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
მჯერა, რომ ყველა სირთულე გადაილახება და საქართველო ღირსებით გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!“ – თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.