თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს თელავში ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპარლამენტის მოდელირება 2024“ იმართება, სადაც მონაწილეობს სკოლის 70-მდე მოსწავლე და სტუდენტი.
ევროპარლამენტის მოდელირება წარმოადგენს მსოფლიოში გავრცელებულ იმიტირებული როლურ თამაშს, რომელიც მასში მონაწილე მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ.
სესიის ოფიციალურ გახსნას დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„2024 წლის ევროპარლამენტის მოდელირების სესიები დღეს თელავიდან დაიწყო. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს თელავშივე მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ პროექტში, რომელიც ხელს უწყობს მათი უნარ–ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, არაფორმალური განათლების მიღებას. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ გამარჯვებული დელეგატი საზღვარგარეთ გაემგზავრება სასწავლო–საგანმანათლებლო ვიზიტით. იმედს გამოვთქვამ, რომ თელავი პროექტს ხშირად უმასპინძლებს და დაინტერესებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს კიდევ არაერთხელ ექნებათ შანსი, გახდნენ ევროპული პროექტების მონაწილეები“, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.