მთავრობის ადმინსტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართველ ხალხს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება მიულოცა. პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს – ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე, ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება.“ – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. პრემიერის თქმით, სამთავრობო გუნდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 24 საათის რეჟიმში, მუშაობდა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. პრემიერმა დღევანდელი დღე მიულოცა ასევე, თითოეულ მოქალაქეს და ხაზი გაუსვა, რომ ეს აღიარება, ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ხალხს.
„ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული. საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში, ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ პოზიტიური, დადებითი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს − ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, შეიძლება ასე ითქვას. მინდა გამოვყო შეხვედრა ბატონ სალივანთან და პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, კარგად ვიცით, რომ ბატონი სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელთანაც მქონდა საკმაოდ შინაარსიანი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში.
კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, საჯარო მოხელეებს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს დიპლომატებს, კიდევ ერთხელ ჩვენს პარლამენტს, ვინაიდან 100-ზე მეტი დოკუმენტი იქნა მიღებული, შექმნილი და უზარმაზარი სამუშაო, უდავოდ უნდა ითქვას, გასწია მთელმა გუნდმა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.