დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციამ ადგილობრივებს შრომა შეუმსუბუქა

დღეს, დედოფლისწყაროში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო საქართველოს მელიორაციის’’ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სარწყავ სისტემაზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ სამთაწყაროს, დამატებით, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათთვის ვენახების მორწყვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყლის მიყვანა თავად უწევდათ. დღეს კი, წყლის დანაკარგის გარეშე რამდენიმე ფერმერი ერთდროულად რწყავს ვენახს.

შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო 11 გამანაწილებელზე, ლითონის მილით, 24,5 კმ დახურული სარწყავი ქსელი, წყალგამშვებები, წყალაღების წერტილები და ჰიდრანტები ჭებით.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 4.5 მლნ ლარი.