გიორგი ალადაშვილმა და ალექსი ფიცხელაურმა, თუშეთში მცხოვრებ მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

ფოტო: კახეთის მხარე
ფოტო: კახეთის მხარე

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საშობაო ნობათი გადასცეს.

როგორც ცნობილი გახდა, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება. გზის გახსნამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, თუშეთის მიმართულებით ავიარეისებს ასრულებს რეგულარულად და მოსახლეობის გადაადგილებას უზრონველყოფს უფასოდ, ბარიდან-მთაში და პირიქით მთიდან-ბარში.

აღნიშნული ვეტმფრენით ავიარეისი განხორციელდა დღეს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა მადლობა გადაუხადა თუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას სოფელში დარჩენისთვის.

„ჩამოვედით, მოვინახულეთ ის მოქალაქეები, რომლებიც რთული კლიმატური პირობების მიუხედავად არ ტოვებენ საკუთარ სოფელს და ადგილზე ხვდებიან დამდეგ შობა-ახალ წელს. მსურს ამ ულამაზესი კუთხიდან ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დამდეგი შობა – ახალი წელი.“- განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო პოლიციას გადაუხადა მადლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის.

„ჩვენი მოსახლეობის პირველ დამხმარე ძალას წარმოადგენს სწორედ სასაზღვრო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხოდო მათ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში რომ დაგვიდგნენ გვერდით.“- აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა.