“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები.
დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სოფელ შილდაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ილია მზექალაშვილთან ერთად დაესწრო სოფლის საერთო კრებას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შილდის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად დასახლედა – გარე განათების ქსელის მოწყობა – რეაბილიტაცია, ასევე, სოფელში არსებული სასაფლაოს შემოღობვა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, კახეთის რეგიონში განსაზღვრულია 4 454 000 ლარი, რასაც ემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ფინანსური რესურსის გამოყოფა, თანამონაწილეობის სახით.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება.
აღსანიშნავია, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პროგრამა აძლევს შესაძლებლობას, საერთო კრებაზე დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და ხმათა უმრავლესობით, შეარჩიონ პრიორიტეტული საპროექტო წინადადება.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს 3 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით.
სოფლის საერთო კრება, კახეთის რეგიონის მასშტაბით გაიმართება 308 დასახლებაში.